saqarTvelos arxebi - zemo alaznis sarwyavi sistema

ტერიტორიული ერთეული ახმეტის მუნიციპალიტეტი
სიგრძე 214 კმ

 

საინჟინრო ჰიდროტექნიკური ნაგებობა აღმოსავლეთ საქართველოში. სარწყავი სისტემის ერთი მთავარი სათავე-ნაგებობა აშენებულია მდინარე ალაზანზე სოფ. დუისთან, მეორე მდინარე ილტოზე (ახმეტის მუნიციპალიტეტი). მთავარი არხი გადის ალაზნის ვაკეზე, გრძელდება ივრის ზეგანზე და ელდართან უერთდება მდინარე იორს. მისი საერთო სიგრძე თითქმის 214 კმ-ია, წყალგამტარობა 24 მ3/წმ. სარწყავი სისტემის მთლიანი სიგრძე იქნება 2420 კმ და მორწყავს 108,4 ათ. ჰა მიწას. ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის მშენებლობა დაიწყო 1965 წელს. მთავარი არხის მშენებლობის პირველი რიგი (სიგრძე 78 კმ) გადის პანკისის ქედის აღმოსავლეთი კალთის ძირზე და შემდეგ მიუყვება გომბორის ქედის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ მთისწინეთს მდინარე ფაფრისხევამდე. ეს მონაკვეთი ალაზნის ვაკის მარჯვენა მხარეზე. რწყავს ახმეტის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების 41,1 ათ. ჰა მიწას. მეორე რიგის მშენებლობა დაიწყო მდინარე ფაფრისხევიდან. აქედან არხი 15,3 კმ საერთო სიგრძის 3 გვირაბით გაკვეთს გომბორის ქედს, გავა გარეკახეთში სოფ. არაშენდასთან და მიაღწევს ოლეს წყალსაცავს. წყალსაცავიდან გამოსული არხი მორწყავს ოლე-ნაომარის, ტარიბანის, ნატბეურის ვაკე-ტაფობებს და ელდარის დაბლობს. ივრის ზეგანზე მთავარი არხის საერთო სიგრძე იქნება 135,8 კმ და მორწყავს 67,3 ათ. ჰა ფართობს.